თევზის ბაზარ-რესტორანი ბარბატუსი • Barbatus მდებარეობს საბურთალოზე კოსტავას 70 ნომერში.  იდეა დაიბადა სამ მეგობარს შორის, რომლის ინსპირაციის წყარო იყო თევზზე ორიენტირებული ადგილი, სადაც ახალი თევზი ყოველდღიურად შავი ზღვის აკვატორიიდან ჩამოდის. ბარბატუსის მთავარი სლოგანია „ზღვიდან  თეფშზე“-  ყოველთვის ახალი გაუყინავი პროდუქტი.

შენობაში მანამდე არსებული გარემო არ შეესაბამებოდა რესტორნის კონცეფციას, შესაბამისად საჭირო გახდა ინტერიერის სრულად გადაკეთება.

 რესტორანი მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებს. დახურული სივრცის ფართობი 90კვ/მ-ია, სადაც განლაგებულია სტუმრებისთვის განკუთვნილი 2 დარბაზი, სამზარეულო და 2 სველი წერტილი.ხოლო გარე სივრცე მოიცავს 110 კვ/მ ეზოს, სადაც სტუმრებს მყუდროდ დასხდომა შეუძლიათ, სადაც მზადდება მთავარი კერძები გრილზე.

ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს დიზაინერებმა მაია ჭონქაძემ და მარიამ ძმანაშვილმა, რომელთა პორტფოლიოც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენივე საიტზე.

  რესტორნის ინტერიერზე Dizaini.ge პირადად დიზაინერებს გაესაუბრა: „რესტორნის სტილი მისმა კონცეფციამ განსაზღვრა. ბაზარ-რესტორანი ახალი გამოწვევა და გაორმაგებული პასუხისმგებლობაც იყო. პროექტზე მუშაობა დავიწყეთ დამფუძნებლებთან აქტიური კომუნიკაციით, როგორ ხედავდნენ და წარმოედგინათ მათი მომავალი ბიზნეს გარემო. რესტორნის მთავარი იდეა და ნიშა, ყოველთვის ახალი თევზია - „ზღვიდან თეფშზე“, ასეთია სლოგანიც. ვეცადეთ ინტერიერი ამ იდეაზე მოგვერგო, გამოვიყენეთ ცოცხალი ფერები და ნატურალური მასალები. რესტორნის შიდა სივრცე გაფორმებულია ზღვის ბინადართა სურათებით. 

გარემოც ხელშემწყობ ფაქტორად იქცა, როდესაც არსებული ღია სივცრე გარდავქმენით და მივიღეთ მთავარი Touchpoint -  ბაზარი - რესტორანში. მასშტაბური ციტრუსოვანი მცენარეებით, ლამპიონებით და კერამიკული ფილებით გაწყობილი სივრცე,  ახლა შეხვედრებისა და ჟრიამულის მთავარ კერად იქცა თევზის მოყვარულთათვის.

რესტორნის დარბაზებში შეტანილი ცისფერისა და ფირუზისფერის გასწვრივ ზღვის განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს ბუნებრივი მცენარეების კედელი, ჭილოფის ფაქტურა და ფორმები.

ეზო და შიდა სივრცე იდეურად და სტრუქტურლად ებმის ერთმანეთს. დარბაზში, ისევე როგორც ეზოში, გვხვდება ლამპიონები და კერამიკული ფილები, რომლებიც სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი ბართან და კედლის პანორამაზე. ფერთა გამაც უკვე ნაცნობია - თუმცა გარემო, შედარებით კონსერვატიული. იქიდან გამომდინარე, რომ ეზო და დარბაზი ფუნქციურად განსხვავებულ როლებსაც ითავსებენ, შესაბამისად გვინდოდა მკრთალი კონტური გაგვევლო დიზაინშიც. ავეჯის დიზაინი კონკრეტულად ამ გარემოსთვის შეიქმნა, ფუნქციური და დახვეწილია, ფერით - შემოვიტანეთ აქცენტი, ფორმები გლუვია და იდეალურად ერწყმის დანარჩენ დეტალებს ინტერიერში. 

პროექტი იძლეოდა ბევრი ექსპერიმენტის განხორციელების საშუალებას, ამიტომ ბევრი დიზაინრული დეტალი ხელნაკეთია. დეკორატიული მზის დისკოები, სარკეებითა თუ გარდამავალი ფერის ტექსტილით, ჩამავალი მზის ეფექტს იმეორებს და კიდევ უფრო გვაახლოვებს ზღვის ჰორიზონტს. 

ხშირად ინსპირაციას თვითონ სივრცე იძლევა, ხშირად ამას მასალებიდან და განვლილი შთაბეჭდილებებიდან ვიღებთ. ასე გაჩნდა რესტორანში ლისაბონის პანორამული კედელი. პირველმა ასოციაციამ  ზღვასთან, პატარა ფილებთან და თევზთან სწორედ ლისაბონის ჭრელი პორტებისკენ წაგვიყვანა. 

ამ საკულტო პანორამის ფრაგმენტი უკვე რესტორნის კერძებთან ერთად, ბარბატუსის  შთაბეჭდილებათა ნუსხაშია. საბოლოოდ კი მივიღეთ დასრულებული პროექტი, ახალი თევზის რესტორანი - დედაქალაქში - თუმცა საზღვაო ქალაქის განწყობით.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში დღეიდან ზღვის სურნელიც ტრიალებს.

 

ფართობი: 200მ2

შესრულების წელი: 2022

დიზაინ ჯგუფი: მაია ჭონქაძე, მარიამ ძმანაშვილი

ფოტოგრაფი: მაია ჭონქაძე